სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი
დადგენილების ნომერი №174 (დანართი №296)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მარინა მუსხელიშვილი
სწავლების ენა: ინგლისურენოვანი ქართული კომპონენტებით
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 60 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 20 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები -10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია მოამზადოს სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ინტერდისციპლინური ცოდნა საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის შესახებ; ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენებისა და ცვლილებების კომპლექსური თეორიული გააზრების უნარი; ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად მიღებული განათლების გამოყენების მზაობა.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დადასტურება სერტიფიკატით ან თსუ-ს მიერ ჩატარებული წერითი გამოცდით);
• ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების ნებისმიერ დარგში/ქვედარგში, ისტორიაში, ეკონომიკაში, ფილოსოფიასა და სამართალმცოდნეობაში;
• ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაში გამსვლელი ქულის მიღება (უცხოელ მოქალაქეთათვის: საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად);
• წერითი გამოცდა (ესე);
• მიმღებ კომისიასთან გასაუბრება.
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებულ მაგისტრს ექნება: ღრმა და სისტემურ ცოდნა ქვეყნის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუციური მახასიათებლების და ტენდენციების შესახებ; თეორიული ცოდნა შემდეგ სფეროებში:
• პოლიტიკური ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, დემოკრატიზაცია, სახელმწიფოს მშენებლობა;
• ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია, პოლიტეკონომია;
• სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური პროცესები, ღირებულებები და კულტურა;
• კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი. კურსდამთავრებულ მაგისტრს შეეძლება სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირის კრიტიკული გააზრება;
უნარები
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეეძლება:
• სოციალური ცხოვრების სხავდასხვა მოვლენებს შორის კავშირების კრიტიკული ანალიზისა და ცალკეული ელემენტების სინთეზის საფუძველზე აწარმოოს აკადემიური კვლევა და წარმართოს ანალიტიკური საქმიანობა;
• გამოიყენოს მიღებული ცოდნა და მიდგომები კონკრეტული პრაქტიკული მულტიფაქტორული ამოცანების გადასაჭრელად საჯარო სამსახურში, სამოქალაქო სექტორში, საკონსულტაციო საქმიანობაში;
• აწარმოოს პროფესიული და საჯარო კომუნიკაცია სოციალურ მეცნიერებაში დამკვიდრებულ პროფესიულ სტანდარტებზე, ეთიკაზე და ჩვევებზე დაყრდნობით;
• წერილობით, ვერბალურად და/ან კომპიუტერული ვიზუალიზაციის გამოყენებით, ინგლისურ ენაზე, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, მსჯელობასა და დებატებში; გააცნოს კოლეგებს, სტუდენტებს ან ფართო საზოგადოებას მიღებული ცოდნა და საკუთარი ინოვაციური იდეები;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს შეეძლება, პროგრამის ფარგლებში შესწავლილი მეთოდური და მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, მულტიფაქტორულ გარემოში, პრობლემური სფეროების/საკითხების განსაზღვრა და ცოდნის შემდგომი დამოუკიდებელი გაღრმავება;
კურსდამთავრებულს, ქვეყნის განვითარების წარსულ და შესაძლო მომავალი სცენარების მიმართ საკუთარი მოქალაქეობრივი დამოკიდებულების გაცნობიერების საფუძველზე, ექნება უნარი, შემოქმედებითად და რაციონალურად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ განვითარებაში როგორც პროფესიული საქმიანობით, ასევე სამოქალაქო აქტივობით.
დასაქმების სფეროები
დასაქმების შესაძლო სფეროთა არეალი ფართოა და მოიცავს, მათ შორის, დასაქმებას საჯარო სამსახურში, სამოქალაქო სექტორში, კვლევით/სასწავლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და მედიაში - ისეთ სამუშაო ადგილებზე, როგორებიცაა მკვლევარი, ანალიტიკოსი, სწავლების სხვადასხვა საფეხურის პედაგოგი, პროექტის ხელმძღვანელი, სხვა.